ქართული ოცნების თავმჯდომარე, რომელმაც ერთი წლის წინ ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა, მართვის ერთ წელს აჯამებს. კობახიძე თავის ფეისბუქსტატუსში ქართული ოცნების მიღწევად 4 შედეგს ასახელებს:
"გუშინ, 16 იანვარს, ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დავიკავე. ერთი წლის თავზე, გვაქვს შემდეგი შედეგები:
- დასრულდა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო გაიმყარა ლეგიტიმაცია;
- ქვეყანას ყავს ღირსეული პრემიერი, ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, ღირსეული დედაქალაქის მერი და მმართველი გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს;
- რადიკალური ოპოზიცია, რომლის ლიდერი დამსახურებულ სასჯელს იხდის, უკიდურესად დასუსტდა და აღარ აქვს შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს სიმტკიცეს;
- მმართველი გუნდი იცავს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო და საპარლამენტო სუვერენიტეტს, მთავრობამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უზრუნველყო.
მიხარია, რომ ამ შედეგების დადგომაში პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან ჩემი წვლილი შევიტანე", - წერს ირაკლი კობახიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
გასული წლის 16 იანვარს ქართული ოცნების ყრილობაზე ირაკლი კობახიძე თავმჯდომარედ აირჩიეს.
კობახიძემ ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა, რომელმაც პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება 11 იანვარს გამოაქვეყნა.